2013 წელი

ნოემბერი. სტუდენტთა მე-5 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

ნოემბერი. კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია

ნოემბერი. დასრულდა მუშაობა გამარჯვებულ პროექტებზე

ნოემბერი. პროფესორ ნინო ჩიქოვანის ლექციები ბუქარესტში

ოქტომბერი. რუმინელი პროფესორის ლექციები

ოქტომბერი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ევროპული კულტურა”

ოქტომბერი. COBERM პროექტი "ისტორიის სწავლება და ქართულ-ოსური ურთიერთობები" (2013-2014)

ოქტომბერი. საერთაშორისო ვორკშოპი

სექტემბერი. საერთაშორისო სემინარი DAAD პროექტის ფარგლებში

სექტემბერი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კულტურული მეხსიერება"

სექტემბერი. საერთაშორისო კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი"

ივნისი. ტემპუსის კონსორციუმის შეხვედრა ლინცში

ივნისი. ოთხთვიანი გაცვლითი პროგრამა დასრულდა

აპრილი. ფოლკსვაგენის ფონდის პროექტი (2013-2016)

აპრილი. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტი

მარტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კომუნიზმი და პოსტკომუნიზმი: ტრანზიცია, ტრანსფორმაცია, სტაგნაცია რეგრესი"

მარტი. ტემპუსის კონსორციუმის შეხვედრა

იანვარი. ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროექტი



სტუდენტთა მე-5 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

28 ნოემბერი 2013


28 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა ტრადიციული, მე-5 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა", რომლის ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია

27 ნოემბერი 2013

2013 წლის 27 ნოემბერს გაიმართა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ბოლო წლებში გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია. ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა წარმოადგინა ინფორმაცია ინსტიტუტის თანამშრომლების სასწავლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ:

  • სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამები, კურსდამთავრებულთა საქმიანობა;
  • მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები;
  • სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით და სხვა პროგრამებში;
  • საერთაშორისო კონფერენციები და შეხვედრები;
  • გაცვლითი ლექციები;
  • ინსტიტუტის გამოცემები;
  • ინსტიტუტის ვებ-გვერდი და ელექტრონული სასწავლო მასალის გვერდი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, კოლეგები თსუ-დან და სხვა დაწესებულებებიდან, კულტურის კვლევათა ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების სტუდენტები.

დასრულდა მუშაობა გამარჯვებულ პროექტებზე

ნოემბერი 2013

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე წერეთელმა და დოქტორანტმა ირაკლი ჩხაიძემ დაასრულეს მუშაობა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტებზე:
- „დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა: საჯარო დისკურსის დინამიკა XX საუკუნის 90–იანი წლებში“. პროექტის ავტორი ივანე წერეთელი.
- „ეთნიკურიდან სამოქალაქო ნაციონალიზმისკენ - ნაციონალური პროექტის დინამიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში". პროექტის ავტორი ირაკლი ჩხაიძე.
პუბლიკაციები გადაცემულია სარედაქციოდ და უახლოეს მომავალში დაიბეჭდება.

პროფესორ ნინო ჩიქოვანის ლექციები ბუქარესტში

3-8 ნოემბერი 2013

ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტის "იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: "უცხო" და "ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში" ფარგლებში, კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს ეწვია, სადაც წაიკითხა ლექციები თემებზე: იდენტობის მარკერები ადრე შუა საუკუნეების საქართველოში; ქართული ისტორიული ნარატივი: წინასაბჭოთადან პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმისაკენ; ქართული იდენტობის მშენებელი ნარატივები მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე.

პროფესორ ეკატერინა ლუნგის ლექციები

29-31 ოქტომბერი 2013

ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტის "იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: "უცხო" და "ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში" ფარგლებში, კულტურის კვლევათა ინსტიტუტს სტუმრობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი ეკატერინა ლუნგი, რომელმაც 29-31 ოქტომბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები თემებზე: რუმინული იდენტობა შუა საუკუნეებში; ბიზანტიური იდენტობა და ადრე შუა საუკუნეების იდენტობა; ანთიმოზ ივერიელი - ქართული წარმოშობის რუმინელი მიტროპოლიტი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ევროპული კულტურა”

24-26 ოქტომბერი 2013

2013 წლის 24-26 ოქტომბერს ესპანეთში, ქ. ბარსელონაში გაიმართა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული კულტურა“, რომლის ორგანიზატორი იყო კატალონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარლოს დიდის სახელობის ევროპის კვლევების ინსტიტუტი. კონფერენციაში მონაწილეობა მსოფლიოს 40 ქვეყნის 240-მა მეცნიერმა მიიღო. კონფერენცია ინტერდისციპლინურ ხასიათის ატარებდა, მრავლად იყო წარმოდგენილი მოხსენებები ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე. მის მიერ წარმოდგენილი მოხსენება - “პოსტსაბჭოთა ქართველი ერის მშენებლობა ევროინტეგრაციის კონტექსტში“ - ეხებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი ერის მშენებლობის თავისებურებებსა და ძირითად მახასიათებლებს.

საერთაშორისო პროექტი "ისტორიის სწავლება და ქართულ-ოსური ურთიერთობები"

ოქტომბერი 2013

პროფესორების ნინო ჩიქოვანისა და ქეთევან კაკიტელაშვილის მონაწილეობით, 2013 წლიდან ხორციელდება ახალი საერთაშორისო პროექტი "ისტორიის სწავლება და ქართულ-ოსური ურთიერთობები". პროექტი დაფინანსებულია COBERM-ის (Confidence Building Early Response Mechanism) მიერ. მასში მონაწილეობენ ქართველი და ოსი ექსპერტები საქართველოდან, აგრეთვე სპეციალისტები აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი გარემოს შექმნას ქართველ და ოს მკვლევრებს შორის, ამით ბიძგი მისცეს ინკლუზიური სასწავლო კურსებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებასა და ნაციონალისტური, ცალმხრივი ნარატივის დაძლევას სასწავლო სფეროში.

საერთაშორისო ვორკშოპი

8-10 ოქტომბერი 2013

2013 წლის 8-10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ვორკშოპი ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე" ფარგლებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას მასპინძლობდა კულტურის კველვათა ინსტიტუტი. ვორკშოპში მონაწილეობას იღებდნენ მკვლევრები პროექტში ჩართული სხვა უნივერსიტეტებიდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტი (ბერ-შევა, ისრაელი), აგრეთვე მოწვეული სპეციალისტები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტებიდან (ისრაელი).

საერთაშორისო სემინარი DAAD პროექტის ფარგლებში

22-27 სექტემბერი 2013

2013 წლის 22-27 სექტემბერს, DAAD მხარდაჭერით, გაიმართა მეორე საერთაშორისო სემინარი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მოძრაობისა და ინტერნეტ-პორტალის შექმნის შესახებ. შეხვედრის კოორდინატორები იყვნენ პროფესორი ევა მარია აუხი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი), რასიმ მირზაევი (ბერლინი, სამეცნიერო კულტურული ცენტრი EuroKaukasia), პროფესორი ნინო ჩიქოვანი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვანიანი (სომხეთი, ასოციაცია "თექალი") და ალი აბასოვი (აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიის კულტურისა და ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრი). სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ისტორიკოსები, კულტურის კვლევებისა და ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. შეიქმნა რეგიონული ინტერნეტ პორტალი, რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა მეზობელი ქვეყნების სპეციალისტებს შორის, უნდობლობისა და კონფლიქტური მეხსიერების დაძლევის მიზნით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კულტურული მეხსიერება"

4-8 სექტემბერი 2013

2013 წლის 4-8 სექტემბერს მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში (მაკედონია) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კულტურული მეხსიერება", რომლის ორგანიზატორი იყო კულტურისა და კულტურის კვლევების ბალკანეთის ქსელი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი, რომლის მოხსენება იყო "მერყევი მეხსიერება: "უფროსი ძმისა" და "აგრესორის" ცვლადი იმიჯი" (მომზადებული ქეთევან კაკიტელაშვილთან ერთად). იგი წარმოდგენილი იყო სექციაზე "კულტურული მეხსიერება და პოლიტიკა", რომლის მუშაობას ხელმძღვანელობდა პროფესორი ბენჯამინ კიტინგი (ირლანდია). მოხსენებაში განხილული იყო მეხსიერების ფორმირების ზოგიერთი თავისებურება პოსტსაბჭოთა საქართველოში, კერძოდ, ცვალებადი პოლიტიკური რეალობის გავლენა ამ პროცესზე.

საერთაშორისო კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი"

5-7 სექტემბერი 2013

2013 წლის 5-7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენსფილდის კოლეჯში გაიმართა მეშვიდე ინტერდისციპლინური გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი", სადაც თავი მოიყარა 27 ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, მალტიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრალიიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდა კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი ნინო ტაბეშაძე. მისი თემის სახელწოდება იყო "ომისშემდგომი არსებობა საქართველოში: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ".

ტემპუსის კონსორციუმის მორიგი შეხვედრა ლინცში

24-27 ივნისი 2013

2013 წლის 24-27 ივნისს ტემპუსის პროექტის "მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღზრდის კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება" ფარგლებში გაიმართა კონსორციუმის მესამე შეხვედრა ლინცში (ავსტრია), რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ქეთევან კაკიტელაშვილი. წარმოდგენილი იქნა გაწეული მუშაობის შედეგები. დაიგეგმა მომზადებული სასწავლო კურსების პილოტირება პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებში. კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პილოტირება გაივლის ორი სასწავლო კურსი: "იდენტობის ფორმირება მეხსიერების მეშვეობით" და "მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საქართველო" (2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

ოთხთვიანი გაცვლითი პროგრამა დასრულდა

ივნისი 2013

კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა სოფი ბერიამ, რომელიც 2012- 2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯში გაემგზავრა, 31 მაისს მეოთხე სემესტრი დახურა. ამჟამად იგი მეხუთე სემესტრის სტუდენტია თსუ-ში და კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას.

ფოლკსვაგენის ფონდის პროექტი (2013-2016)

აპრილი 2013

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ქეთევან კაკიტელაშვილი, აგრეთვე დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე მონაწილეობენ ფოლკსვაგენის ფონდის პროექტში "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე". მთავარი პარტნიორი - მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი; პროექტში ჩართული არიან მეცნიერები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტიდან და ისრაელიდან. პროექტის ხანგრძლიობა - 2012-2015.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტი

აპრილი 2013

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროექტმა "იდენტობის ნარატივები მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში: "მრავალეთნიკური ქართველი ერის" სათავეებთან" გაიმარჯვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ ნინო ჩიქოვანი. ქეთევან კაკიტელაშვილი, ივანე წერეთელი, მაია ქვრივიშვილი, ირაკლი ჩხაიძე, დავით მაცაბერიძე. პროექტის ხანგრძლივობა - 18 თვე.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კომუნიზმი და პოსტკომუნიზმი: ტრანზიცია, ტრანსფორმაცია, სტაგნაცია რეგრესი"

15-16 მარტი 2013

2013 წლის 15-16 მარტს ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კომუნიზმი და პოსტკომუნიზმი: ტრანზიცია, ტრანსფორმაცია, სტაგნაცია რეგრესი", რომლის ორგანიზატორი იყო დუბლინ სიტი უნივერსიტეტის (DCU) სამართლისა და მართვის სკოლა, რომელიც რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ირლანდიური ასოციაციის 37-ე კონფერენციას წარმოადგენდა.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში არსებულ ძირითად პრობლემებსა და ტენდენციებს: ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებებს და სხვა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე. მის მიერ წარმოდგენილი მოხსენება - "ვარდების რევოლუცია: პოსტსაბჭოთა ქართული ნაციონალიზმის ახალი ტენდენციები" - ეხებოდა 2003 წლის ნოემბრის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ქართული ნაციონალიზმის განვითარების თავისებურებებსა და ძირითად მახასიათებლებს.

ტემპუსის კონსორციუმის შეხვედრა ლანდაუში

10-15 მარტი 2013

2013 წლის 10-15 მარტს ტემპუსის პროექტის "მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღზრდის კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება" ფარგლებში გაიმართა კონსორციუმის მეორე შეხვედრა. შეხვედრის მასპინძელი იყო კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის ლანდაუს კამპუსი (ლანდაუ, გერმანია). შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ქეთევან კაკიტელაშვილი. შეჯამდა პროექტის მუშაობის პირველი ეტაპი, განიხილეს კურიკულუმის სტრუქტურისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები. კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლების სამუშაო საკითხებია იდენტობა და მეხსიერება, კონფლიქტური იდენტობა, იდენტობის ფორმირება განათლების მეშვეობით. შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი - "კულტურულად სპეციფიკური მასალები საქართველოსათვის". განისაზღვრა მისი შემადგენლობა, დაზუსტდა მეთოდოლოგია და შესასრულებელი სამუშაოს თემატიკა და გეგმა.

ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროექტი

2013 წლის იანვარი

კულტურის კვლევათა ინსტიტუტი მონაწილეობს ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტში "იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: "უცხო" და "ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში". პარტნიორები: ძველი ისტორიის, არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი; ისტორიის დეპარტამენი, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტი, შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტი, დაკარი, სენეგალი; აფრიკული კვლევების ინსტიტუტი, მოჰამედ V სუისის უნივერსიტეტი, რაბათი, მაროკო. პროექტის ხანგრძლიობა - 2013-2014.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი