2012 წელი

დეკემბერი. ესეების კონკურსი საგანში "მსოფლიო კულტურა"

ნოემბერი. ექსკურსია ანანურში

ნოემბერი. ოთხთვიანი საბაკალავრო სტიპენდია ოსლოს უნივერსიტეტში

ნოემბერი. ფილმის ჩვენება

ოქტომბერი. ტემპუსის პროექტი (2012-2014)

ოქტომბერი. პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

სექტემბერი. საერთაშორისო სემინარი DAAD პროექტის ფარგლებში

სექტემბერი. საერთაშორისო სემინარი კიშინიოვში (ენისა და მოქალაქეობის საკითხებზე)

სექტემბერი. არჩევითი საგნის "მსოფლიო კულტურა" სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია

სექტემბერი. ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-9 ნომერი

ივნისი. საერთაშორისო სიმპოზიუმი საისტორიო განათლების შესახებ

ივნისი. კულტუროლოგთა მეორე საერთაშორისო ფორუმი ბაქოში

ივნისი. სამეცნიერო კონფერენცია "გლობალიზაცია, ნაციონალიზმი, იდენტობა" ბათუმში

მაისი. სტუდენტთა მე-4 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

აპრილი. საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნარატივები და შერიგება სამხრეთ კავკასიაში"

აპრილი. შეხვედრა პროფესორ ჟოზეფ იაკუბთან

მარტი. პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

იანვარი. ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-8 ნომერი

იანვარი. სემინარი და კონფერენცია კუშადასში




ესეების კონკურსი საგანში "მსოფლიო კულტურა"

28 დეკემბერი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად საგანში "მსოფლიო კულტურა" დასრულდა. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივად (2-3 მოსწავლე) შესრულებული ნამუშევრები. კონკურსზე შემოვიდა 120-მდე ნაშრომი. კომისიამ გამოავლინა 14 გამარჯვებული ესე, რომელზეც მუშაობდა 22 მოსწავლე, მათ შორის, პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით გადაეცა 3 ესეს ავტორებს, მეორე ხარისხის დიპლომი და 500 ლარი - 4 ესეს ავტორებს და მესამე ხარისხის დიპლომი და 300 ლარი - 7 ესეს ავტორებს.
ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს წარმატებას.

ექსკურსია ანანურში

18 ნოემბერი 2012


კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები გასულ კვირას ანანურსა და შიომღვიმეს ეწვივნენ. ექსკურსია საინტერესო და სახალისო გამოდგა. ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლების მონახულებას გვიანი შემოდგომის თბილმა ამინდმა განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

ოთხთვიანი საბაკალავრო სტიპენდია ოსლოს უნივერსიტეტში

2012 წლის ნოემბერი


ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯსა და თსუ-ს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო ოთხთვიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტმა სოფო ბერიამ. ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ!

ფილმის ჩვენება

2 ნოემბერი 2012

2012 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით მოეწყო რეჟისორ დიმიტრი ასტრახანის ფილმის "ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში" ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც წარუძღვა პროფესორი ნინო ჩიქოვანი. მასში, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები - ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი და დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე.

ტემპუსის პროექტი (2012-2014)

2012 წლის ოქტომბერი

კულტურის კვლევათა ინსტიტუტი მონაწილეობს ტემპუსის პროექტში "მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღზრდის კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება". პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნოსთაშორის ურთიერთობათა ცენტრი (საქართველო); გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (კოორდინატორი); ბენ გურიონის უნივერსიტეტი; ჰერცლიას ინტერდისციპლინური კოლეჯი; ქეის განათლების აკადემიური კოლეჯი; სახნინის აკადემიური კოლეჯი; საპირის აკადემიური კოლეჯი; რელიგიათაშორისი ურთიერთობების ასოციაცია; ჰერცლიას ინტერდისციპლინური კოლეჯის სტუდენტური კავშირი (ისრაელი); კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია; კოორდინატორი); განათლების ინსტიტუტი, ლონდონის კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი); ბირკბეკის კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი); ზემო ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია); არნჰემის უმაღლესი სკოლა (ნიდერლანდი); იან ტონისონის ინსტიტუტი (ესტონეთი) (ევროპა). პროექტის ხანგრძლიობა - 2012-2014.

პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

2012 წლის ოქტომბერი

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები, ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი და დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ მიერ საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს "დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა: საჯარო დისკურსის დინამიკა XX საუკუნის 90–იანი წლებში" (ივანე წერეთელი) და "ეთნიკურიდან სამოქალაქო ნაციონალიზმისკენ - ნაციონალური პროექტის დინამიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში" (ირაკლი ჩხაიძე) რუსთაველის ფონდი დააფინანსებს.

საერთაშორისო სემინარი DAAD პროექტის ფარგლებში

24-29 სექტემბერი 2012

2012 წლის 24-29 სექტემბერს ქალაქ თბილისში, DAAD მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო სემინარი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მოძრაობისა და ინტერნეტ-პორტალის შექმნის შესახებ. შეხვედრის კოორდინატორები იყვნენ ევა მარია აუხი, რასიმ მირზაევი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კულტურული ცენტრი EuroKaukasia), ნინო ჩიქოვანი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვანიანი (სომხეთი, ასოციაცია "თექალი") და ალი აბასოვი (აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიის კულტურისა და ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრი). სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ისტორიკოსები, თსუ კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროფესორები, კულტურის კვლევებისა და ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონული ინტერნეტ პორტალის შექმნა, რომლის მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის გაცვლა მეზობელი ქვეყნების სპეციალისტებს შორის, უნდობლობისა და კონფლიქტური მეხსიერების დაძლევის მიზნით.

საერთაშორისო სემინარი კიშინიოვში (ენისა და მოქალაქეობის საკითხებზე)

9-14 სექტემბერი 2012

2012 წლის 9-14 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი "მოქალაქეობა, ენა და ენობრივი კონფლიქტები ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში". მისი ორგანიზატორები იყვნენ ლაიპციგის მოლდოვას ინსტიტუტი და DAAD. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის სრული პროფესორი ნინო ჩიქოვანი, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "ეთნიკური უმცირესობანი და სახელმწიფო ენა საქართველოში".

არჩევითი საგნის "მსოფლიო კულტურა" სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია

2012 წლის სექტემბერი

განათლების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის განკუთვნილი არჩევითი საგნის "მსოფლიო კულტურა" გრიფირებული სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია. გრიფირების კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებს. მოსწავლის წიგნი მომზადდა თსუ ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის პროფესორების ნინო ჩიქოვანის, ქეთევან კაკიტელაშვილის, მაია ქვრივიშვილის, ივანე წერეთლის, ირაკლი ჩხაიძისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ნიჟარაძის მიერ, ხოლო მასწავლებლის წიგნზე იმუშავა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ჟოზეფინა გუგავამ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე 2011-2012 სასწავლო წლიდან X, XI, XII კლასებში არჩევითი კურსის სახით დაინერგა საგანი "მსოფლიო კულტურა". 2012-2013 სასწავლო წლიდან იგი აირჩია ათასზე მეტმა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო თუ კერძო სკოლამ.

ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-9 ნომერი

2012 წლის სექტემბერი


გამოიცა ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-9 ნომერი. ტრადიციულად, მასში გამოქვეყნებულია ქართ ველ და უცხოელ მკვლევართა ნაშრომები კულტურის მეცნიერებათა, ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოციოლოგიის, ნაციონალიზმის კვლევათა სფეროდან. ქვეყნდება აგრეთვე უცხოელი ავტორის სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი საისტორიო განათლების შესახებ

14-16 ივნისი 2012

2012 წლის 14-16 ივნისს თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში გაიმართა მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი საისტორიო განათლების შესახებ, რომლის ორგანიზატორი იყო შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის საისტორიო განათლების დეპარტამენტი. სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავდა ისტორიის სწავლებისა და ისტორიოგრაფიის სფეროში დღეს არსებულ ძირითად პრობლემებსა და ტენდენციებს.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები, ასისტენტ პროფესორი ივანე წერეთელი და დოქტორანტი ირაკლი ჩხაიძე. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენება – "მრავალეთნიკური ქართველი ერისკენ? ისტორიის სწავლების ძირითადი ასპექტები პოსტსაბჭოთა საქართველოში" – ეხებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესს, ისტორიის სწავლების ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებს და მომავალ პერპექტივებს.

კულტუროლოგთა მეორე საერთაშორისო ფორუმი ბაქოში

11-12 ივნისი 2012



2012 წლის 11-12 ივნისს ბაქოში ჩატარდა კულტუროლოგთა მეორე საერთაშორისო ფორუმი "კულტურის პოლიტიკის როლი სახელმწიფოს განვითარებაში", აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზებით. კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა ფორუმზე წარადგინა მოხსენება "კულტურის პოლიტიკა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში".

სამეცნიერო კონფერენცია "გლობალიზაცია, ნაციონალიზმი, იდენტობა"

2 ივნისი 2012

2012 წლის 2 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "გლობალიზაცია, კულტურა, იდენტობა", რომლის ორგანიზატორები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი. ბათუმელ კოლეგებთან ერთად, თსუ-დან კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა ბეჟან ჯავახიამ, ნინო ჩიქოვანმა, მალხაზ მაცაბერიძემ, ქეთევან კაკიტელაშვილმა, ივანე წერეთელმა, დოქტორანტმა ირაკლი ჩხაიძემ.

სტუდენტთა მე-4 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

23-24 მაისი, 2012

23-24 მაისს ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა", რომლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტის მედიევისტიკის მიმართულება და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. კონფერენციის პროგრამა იხ. კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტის პროექტებში, ფოტოები - გალერეაში.

საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნარატივები და შერიგება სამხრეთ კავკასიაში"

30 აპრილი 2012

2012 წლის 30 აპრილს სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნარატივები და შერიგება სამხრეთ კავკასიაში", რომლის ორგანიზატორები იყვნენ ახალი ინსტიტუციური სოციალური კვლევების ცენტრი (სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი), მაკდონელის საერთაშორისო მკვლევართა აკადემია (სენტ-ლუისის ვაშინგტონის ვაშინგტონის უნივერსიტეტი) და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (ბაქო).
სიმპოზიუმის სხდომათა მოდერატორები იყვნენ დოქტორი ჯეიმს ვერჩი, საერთაშორისო ურთიერთობათა ვიცე-კანცლერი, მაკდონელის საერთაშორისო მკვლევართა აკადემიის დირექტორი და დოქტორი იტაი სენედი, პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორი, ახალი ინსტიტუციური სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი.
სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფ. რაუფ გარაგოზოვმა (ბაქოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წამყვანი მეცნიერ მკვლევარი, ამჟამად ფულბრაიტის პროგრამის პროფესორი სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში), პროფ. ნინო ჩიქოვანმა (კულტურის კვლევათა პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტთან არსებული ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის გამგე), დოქტორმა სტეპან გრიგორიანმა (გლობალიზაციისა და რეგიონული თაამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის (ერევანი) საბჭოს თავმჯდომარე), იოაჰიმ ფაუსტმა (საერთაშორისო და რეგიონული კვლევების ლექტორი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი), ალან ლამბერტმა (ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი).
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდა ბატონი ელინ სულეიმანოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი აერიკის შეერთებულ შტატებში. დისკუსია იხ. ბმულზე.

შეხვედრა პროფესორ ჟოზეფ იაკუბთან

27 აპრილი 2012



მიმდინარე წლის 27 აპრილს კულტურის კვლევათა ინსტიტუტს სტუმრობდა ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჟოზეფ იაკუბი. საქართველოში მისი ვიზიტის საფუძველი გახლდათ ინტერესი საქართველოს ასირიულ თემთან დაკავშირებული საკითხებისადმი. სტუმარი შეხვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დარეჯან თვალთვაძეს.

პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

28 მარტი 2012

მიმდინარე წლის 28 მარტს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ესტუმრა. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოჩართვის გზით შემოგვიერთდნენ. შეხვედრის თემა იყო "კულტურა და პოლიტიკა". სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა კულტურისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე, კულტურის როლსა და მნიშვნელობაზე პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში და სხვა საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში.

ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-8 ნომერი

2012 წლის იანვარი



გამოიცა ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-8 ნომერი. ტრადიციულად, მასში გამოქვეყნებულია ქართველ და უცხოელ მკვლევართა ნაშრომები კულტურის მეცნიერებათა, ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოციოლოგიის, ნაციონალიზმის კვლევათა სფეროდან. ქვეყნდება აგრეთვე უცხოელი ავტორის სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი.

სემინარი და კონფერენცია კუშადასში

29 იანვარი 2012

2012 წლის 29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით თურქეთის ქალაქ კუშადასში გაიმართა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის "მარადიული დედაქალაქების კონცეფცია, ანტიკური კოსმოპოლიტური ქალაქებიდან თანამედროვე მეგაპოლისებამდე" დასკვნითი შეხვედრა (პროექტის აკადემიური დირექტორი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ავალიანი, თანადირექტორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბეინსი). რეგიონული სემინარის პარალელურად, 30–31 იანვარს, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "წარსულის ინტერპრეტაციის მეთოდოლოგია და მეთოდოლოგიური მიდგომები: რა აერთიანებს ისტორიას?". კონფერენციაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები: ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშვილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე. ფოტოები იხილეთ გალერეაში.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი