საბაკალავრო პროგრამა კულტურის მეცნიერებებში

საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება

კულტურის მეცნიერებები ბოლო 30 წლის მანძილზე განვითარდა დასავლურ უნივერსიტეტებში და გავრცელდა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში.

კულტურის მეცნიერებები კვლევისა და სწავლების ცალკე სფეროდ XX ს. 50-იან წლებში ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში ჩამოყალიბდა კულტურის კვლევათა განსხვავებული პრობლემატიკა და ტრადიცია.

ჩვენთვის, ისევე როგორც ცივილიზაციათა მიჯნაზე არსებული სხვა რეგიონებისათვის, რომლებიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში კონფლიქტების მთავარ კერებად იქცა, მნიშვნელოვანია კულტურული იდენტურობის, კულტურათა კომუნიკაციის, მიმდინარე კონფლიქტების კულტურული საფუძვლების, ძალადობის კულტურული კონტექსტისა და სხვა საკითხების კვლევა. ჩვენთვის საყურადღებოა მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და მრავალკონფესიურ საზოგადოებათა ისტორიული დინამიკა და მისი თანამედროვე შედეგები.

ყველა დასახელებული პრობლემა, აკადემიურთან ერთად, პოლიტიკური ინტერესის საგანია. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მით უფრო ადეკვატურია, რაც მეტადაა გათვალისწინებული კულტურული რეალობა და წარსული. ეს ნათლად წარმოაჩენს კულტურის მეცნიერებათა პრაქტიკულ და გამოყენებით მნიშვნელობას.

კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით მოცულ გლობალურ სამყაროში თანაარსებობს, ერთი მხრივ, ინტეგრაციისა და უნივერსალიზაციის, მეორე მხრივ კი დეზინტეგრაციისა და ლოკალიზაციის ტენდენციები. მეცნიერება ლოგიკურად მივიდა ისტორიისა და თანამედროვეობის კულტუროცენტრულ ხედვამდე.

ჩვენში კულტურის მეცნიერებათა სწავლება უნდა შეესაბამებოდეს და ემყარებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებულ გამოცდილებას. მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეძლებს წამყვანი პოზიციის დაკავებას რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის შექმნის იდეა ემყარება დასავლურ უნივერსიტეტებში არსებულ და ჩვენში ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას.

პროგრამის მიზნები და ამოცანები

პროგრამა მოიცავს საგნებს, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს კულტურის მეცნიერებათა ინტერდისციპლინურ ბუნებას. სტუდენტი უნდა გაეცნოს ამ მეცნიერებებში გამოყენებულ ძირითად ცნებებსა და კატეგორიებს, სკოლებსა და მიმდინარეობებს, რომელთა წარმომადგენლებმა სათავე დაუდეს კულტურის მეცნიერბათA ჩამოყალიბებას კვლევის ცალკე დარგად, კულტურის ემპირიული კვლევის მეთოდებს. გარდა ამისა, იგი უნდა დაეუფლოს კულტურის ფენომენისადმი ინტერდისციპლინური მიდგომის, ემპირიული მასალის თავმოყრისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს.

შეძენილი ცოდნის შემოწმებისა და პრაქტიკული გამოყენების ამოცანას ემსახურება საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც, ამავე დროს, საფუძველს უყრის დამოუკიდებელი კვლევის უნარის ჩამოყალიბებას.

პროგრამის სავალდებულო და არჩევითი კურსები საერთოა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამასთან. ეს უზრუნველყოფს კულტურის მეცნიერებათა სფეროსათვის აუცილებელ მრავალმხრივ და ინტერდისციპლინურ ცოდნას.

საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტს ზოგადი ჰუმანიტარული ცოდნითა და კონკრეტული კომპეტენციით კულტურის კვლევათა სფეროში; ეხმარება დაინახოს, როგორ უკავშირდება კულტურული განვითარების პრობლემები პოლიტიკურ და სოციალურ ინტერესებს ამა თუ იმ ეპოქაში; რამდენად დამოკიდებულია წარსულის აღქმა და რეპრეზენტაცია კონკრეტულ კულტურულ სივრცეზე; როგორ იცვლება სამეცნიერო ინტერესები, კატეგორიები და პრობლემები დროსთან ერთად; სტუდენტს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება, პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაწყვეტის ხერხებისა და გზების შერჩევა; ჰქონდეს ფაქტობრივი მასალის ანალიზისა და სინთეზის უნარი; შეეძლოს კონსტრუქციული გზით კრიტიკული შეხედულებების გამოხატვა, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა ზეპირი და წერილობითი ფორმით.

კავშირი შრომის ბაზართან

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის (ძირითადი სპეციალობა – კულტურის მეცნიერებები) ხარისხის მქონეს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს იმ სასწავლო, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებში, რომელთა ინტერესის სფეროს კულტურის ფენომენი წარმოადგენს. იგი შეიძლება დასაქმდეს არქივებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მასმედიაში, ითანამშრომლოს კულტურულ-ისტორიული მიმართულების ექსპედიციებთან.

გარდა ამისა, ხსენებულ სფეროში ბაკალავრის ხარისხი კარგი საფუძველია სხვადახვა სფეროში სამაგისტრო ხარისხის მისაღებადაც.

კულტურის მეცნიერებებში ძირითადი პროგრამის არჩევის ბოლო (საორიენტაციო) ვადის დაწესება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რადგან, კომპეტენციის განმსაზღვრელი და სავალდებულო საფაკულტეტო კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე შეზღუდვა სპეციალობის არჩევის თვალსაზრისით.

პროგრამის სტრუქტურა

ძირითადი საგნები (60 კრედიტი)

შესავალი კულტურის მეცნიერებებში - 5
ძირითადი ცნებები და ტერმინები კულტურის მეცნიერებებში - 5
კულტურის კვლევის ემპირიული მეთოდები - 5
კულტურა - ისტორიული კვლევის ობიექტი (ქართული კულტურის ისტორია) - 5
ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია და მსოფლიო ისტორია - 5
კულტურა და იდენტობა - 5
კულტურის სოციოლოგიის შესავალი - 5
კულტურის ფსიქოლოგიის შესავალი - 5
სოციალური და კულტურის გეოგრაფია - 5
ინტერკულტურული დიალოგის პრინციპები - 5
ნაციონალიზმის კულტურული ასპექტები - 5
გლობალიზაცია და ლოკალური კულტურები - 5

არჩევითი საგნები (50 კრედიტი)

ჩამოთვლილი საგნების გარდა, სტუდენტს, პროფესორთან შეთანხმებით, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი საგანი თსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სავალდებულო და არჩევითი საგნებიდან. (საგნები 5 კრედიტიანია)

ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია. მეხსიერების პოლიტიკა ომის აღქმა არქაულ საზოგადოებებში (კულტურული ასპექტები) საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციები IV-XII სს. ოქროს ხანის ქართული კულტურა: მიმართება ქრისტიანულ და აღმოსავლურ მუსლიმურ სამყაროებთან ცვლილებები საქართველოს კულტურულ-ცივილიზაციურ გარემოცვაში XIII-XV სს. ქართული კულტურის განვითარების თავისებურებანი აღმოსავლურ-მაჰმადიანური გარემოცვის პირობებში (XVI-XVIII სს.) კულტურულ-ცივილიზაციური გარემოცვის ცვლილება XIX საუკუნეში საქართველოს კულტურა საბჭოთა პერიოდში: ძირითადი მახასიათებლები კულტურული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში დასავლური კულტურის მსოფლმხედველობრივი საფუძვლები ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა: ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი შესავალი ეთნოლოგიაში არქეოლოგიის შესავალი ლინგვისტური ანთროპოლოგიის შესავალი ქართული პოლიტიკური აზრი კავკასიის შედარებითი პოლიტიკა ძველი მსოფლიოს ისტორია (ძველი აღმოსავლეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი) ქრისტიანობა და შუა საუკუნეების ეპოქის დასაწყისი ბიზანტიის ისტორია რენესანსი და რეფორმაცია შუა საუკუნეების ფილოსოფია აღორძინებისა და ახალი დროის ფილოსოფია კავკასიის ხალხთა ისტორია ქართული ხელოვნების ისტორია XX საუკუნის ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებები ახალი და თანამედროვე ისტორია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია (პერიოდისა და ქვეყნის არჩევით)

მეორე (დამატებითი) სპეციალობა (minor) კულტურის მეცნიერებებში

პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება

მეორე (დამატებითი) სპეციალობის პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათებას მოიცავს საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება.

დამატებით სპეციალობაზე მიღების წინაპირობები მეორე (დამატებით) სპეციალობაზე მიღება არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას, თუ სტუდენტი შეძლებს 60 კრედიტის დაგროვებას საბაკალავრო ვადაში ან გადაწყვეტს სემესტრ(ებ)ის დამატებას მეორე სპეციალობის მისაღებად.

პროგრამის სტრუქტურა

ძირითადი საგნები (45 კრედიტი)

შესავალი კულტურის მეცნიერებებში - 5
ძირითადი ცნებები და ტერმინები კულტურის მეცნიერებებში - 5
კულტურის კვლევის ემპირიული მეთოდები - 5
ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია და მსოფლიო ისტორია - 5
კულტურა და იდენტობა - 5
ინტერკულტურული დიალოგის პრინციპები - 5
სოციალური და კულტურის გეოგრაფია - 5
ნაციონალიზმის კულტურული ასპექტები - 5
გლობალიზაცია და ლოკალური კულტურები - 5

არჩევითი საგნები (15 კრედიტი)

(საგნები 5 კრედიტიანია) ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია. მეხსიერების პოლიტიკა საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციები IV-XII სს. ოქროს ხანის ქართული კულტურა: მიმართება ქრისტიანულ და აღმოსავლურ მუსლიმურ სამყაროებთან ცვლილებები საქართველოს კულტურულ-ცივილიზაციურ გარემოცვაში XIII-XV სს. ქართული კულტურის განვითარების თავისებურებანი აღმოსავლურ-მაჰმადიანური გარემოცვის პირობებში (XVI-XVIII სს.) კულტურულ-ცივილიზაციური გარემოცვის ცვლილება XIX საუკუნეში საქართველოს კულტურა საბჭოთა პერიოდში: ძირითადი მახასიათებლები კულტურული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში დასავლური კულტურის მსოფლმხედველობრივი საფუძვლები ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა: ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი ქართული პოლიტიკური აზრი კავკასიის შედარებითი პოლიტიკა კავკასიის ხალხთა ისტორია და კულტურა ახლო აღმოსავლეთის ისტორია (შუა საუკუნეები) ახლო აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი).

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი