მსოფლიო კულტურა

2010-2011 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-11 კლასში შედის ახალი არჩევითი საგანი "მსოფლიო კულტურა". საგნის სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლის მიერ კულტურის, როგორც საზოგადოებებს შორის მსგავსებისა და განსხვავების საფუძვლის გაცნობიერებას; კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ორიენტაციის, წარმატებული კომუნიკაციისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

მემორანდუმი

მემორანდუმი 2011 წლის 2 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნესკოს ინტერკულტურული დიალოგის კათედრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე 2011-2012 სასწავლო წლიდან X, XI, XII კლასებში არჩევითი კურსის სახით დაინერგება საგანი "მსოფლიო კულტურა". 2010-2011 სასწავლო წელს პროგრამა გადის პილოტირებას 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საპილოტე მასლა მზადდება თსუ ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის თანამშრომელთა მიერ.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას "მსოფლიო კულტურის" დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის: ურთიერთმხარდაჭერას საინფორმაციო, საკონსულტაციო და მეთოდურ სფეროებში; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სადემონსტრაციო გაკვეთილების ჩატარებას; საგნისა და, ზოგადად, კულტურის კვლევათა პროპაგანდას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში; თანამშრომლობას UNESCO-ს კულტურის პოლიტიკისა და ინტერკულტურული დიალოგის განყოფილებასთან და სხვ.

ტრენინგი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის

ტრენინგი ახალი არჩევითი საგანი "მსოფლიო კულტურა", რომლის საგნობრივი პროგრამა შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ, მიმდინარე სასწავლო წელს პილოტირებას გადის თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში.

6-9 სექტემბერს საპილოტე სკოლების პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტის სრულმა პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა, ასისტენტ პროფესორმა მაია ქვრივიშვილიმა, დოქტორანტმა ირაკლი ჩხაიძემ; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებმა: დირექტორის მრჩეველმა, საგნის - "მსოფლიო კულტურა" საგნობრივი პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ, სასწავლო მასალების და დანერგვის სამმართველო უფროსმა ნანა დალაქიშვილმა, აგრეთვე ქ.რუსთავის #2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შალვა მეკრავიშვილმა.

ტრენინგებს ესწრებოდნენ და მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქ.რუსთავის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები სოფიო ცეცხლაძე და ლაშა კურტანიძე.

სხვადასხვა საკითხების განხილვას თან ახლდა ვიზუალური მასალა, თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება, მათზე ანალიტიკური მსჯელობა. ტრენინგის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა ახალი საგნის სწავლების მეთოდურ საკითხებს.

ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 250
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2014 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი